ინფორმაცია სოფლის წარმოშობის შესახებ

სოფელი კორბოული საჩხერის რაიონის დასახლებათა შორის ერთ-ერთ უძველეს დასახლებულ პუნქტს წარმოადგენს. ჯერ კიდევ 1875 წელს საჩხერიდან მიღებულ კორესპოდენციაში გაზეთი „დროება“ იტყობინებოდა,რომ თავად როსტომ წერეთლის მამულში,სოფელ კორბოულში,წვიმის შემდეგ უნახავთ მიწაში ჩაგდებული თავდახურული ქოთნები და ერთი ქვაბი,რომელიც იქაურ გლეხებს ამოუღია.როგორც ჩანს საქმე სასამართლომდე მივიდა და იქ გლეხებს მხოლოდ ერთიო ძველი ფული – მანეთიანი და მძივები წარუდგენიათ და განუცხადებიათ,რომ ამის მეტი იმ ჭურჭელში არ იყო რაო. ეს ის პერიოდი იყო,როდესაც არქეოლოგია,როგორც დამოუკიდებელი მეცნიერება, ახალი ფეხადგმული იყო საქართველოში. გაზეთი სთხოვდა ადგილობრივ მთავრობასჩვენი ისტორიის შესწავლის ინტერესებიდან გამომდინარე, გაეცა განკარგულება,რათა ნახული ნივთები მოეგროვებინათ და სადაც რიგია წარედგინათ,რადგან არა თუ ფული,არამედ ძველი,უბრალო ნივთებიც კი ღირებული და მნიშვნელოვანია არქეოლოგიისათვის.

კორბოულის არქეოლოგიური შესწავლისათვის მნიშვნელოვანი მასალებია მოპოვებული კორბოულში შემავალ გორაძირის დასახლებაში, სადაც 1967 წლის ივლისში ს. ჯანაშიას სახელობის საქართველოს სახელმწიფო მუზეუმის არქეოლოგიური ექსპედიციის (ხელ-ლი დ. თუშაბრამიშვილი) მიერ ჩატარდა გათხრები. რაზმში მონაწილეობდნენ მეცნიერ-თანამშრომლები : ე.გოგაძე და ც. დავლიანიძე.

1976 წლის ექსპედიციამ შეძლო გაეთხარა სამი ყორღანული სამარხი.გორაძირის ყორღანებსა და სამარხებში დიდი რაოდენობით გამოვლინდა კერამიკული მასალა – მრავალნაირი ფორმისა და ორნამენტის მქონე ჭურჭელი ფრაგმენტულ მდგომარეობაში. კერამიკულ მასალას თან ახლავს ბრინჯაოს ნივთებიც: სატევრის პირები, ისრის პირები, საკინძი, სამაჯურის ფრაგმენტები, ბალთა და წვრილი უფორმო ნახატები,რკინის სატევარი,მრავალნაირი ფორმისა და ზომის მძივები, ოქროს თხელი ფურცლით შემკული სპილენძისა და ბრინჯაოს სამაჯური. გორაძირის მთლიანი მასალის ტიპოლოგიურმა ანალიზმა დაადასტურა,რომ იგი დაახლოებით ერთ გარკვეულ ქრონოლოგიურ პერიოდს უნდა ეკუთვნოდეს ეს არის გვიანი ბრინჯაოსა და ადრე რკინის ხანისა. კერძოდ, ძვ.წ. VII-VI სს-ის ფარგლებში უნდა ექცეოდეს. რაც დადასტურებაა იმისა,რომ კორბოული სწორედ ამ პერიოდში დასახლებული პუნქტი ყოფილა. გორაძირზე ყორღანულ სამარხში ნაპოვნი ნივთები დაცულია ს. ჯანაშიას მუზეუმსა და საჩხერის ისორიულ მუზეუმში.

ზეპირი წყაროების მიხედვით, სოფლის სახელწოდება XIII საუკუნიდან მოდის. მონღოლთა შემოსევის დროს მტრის ლაშქარს კორბოულის ტერიტორიაზე გაუვლიათ, ქართველები დაუმარცხებიათ და ტერიტორია დაურბევიათ. ამ დროს მონღოლთა ლაშქარს მოუძღოდა მთავართა გვარის წარმომადგენელი კოლა ჯაყელი. კოლას მიერ დარბეულ ტერიტორიაზე საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან გადმოუსახლებით ხალხი და დარბეულ ტერიტორიაზე ჩაუსახლებიათ. ამის გამო დასახლებულ პუნქტს „კოლარბეული“ ეწოდა. ამის შემდეგ ჟამთა სვლამ სოფლის სახელწოდება ხშირად შეცვალა : „კვერბეული“, „კორბეული“, „კოლიბაური“. ჩვენამდე კი მოაღწია „კორბოულის“ სახელით.

ამჟამად კორბოული წარმოადგენს თემს,რომელიც აერთიანებს სამ სოფელს : კორბოული,ნიგვზარა,შომახეთი.

სოფელი ნიგვზარა ამაღლებულ ადგილზე მდებარეობს. სოფლის სახელწოდება „ნოგვზნარა“ მომდინარეობს ნიგვზის ხეების დიდი რაოდენობით არსებობიდან. ხოლო დღეს „ნიგვზარა“ ჰქვია,რასაც ხალხში შემორჩენილი ეს ხალხური ლექსეიც ადასტურებს:

„კორბოულში თავის დროზე,

ვახუშტიმაც იმგზავრა.

მოეწონა და შეაქო,

მთის სოფელი ნიგვზნარა.

რუკაზდე კარგად აღნიშნა,

მინდორი, ტყე, ნიგვზნარა,

და მას აქეთ მას დაერქვა

თვით სოფელი ნიგვზარა“.

ხოლო სოფელ შომახეთის პირველი სახელწოდება ჯერ „შრომახეთი“ ყოფილა, შემდეგ „ჩომახეთი“,რადგან სოფელ კორბოულის მდინარე დუმალას ადიდების შედეგად ბევრი მსხვილფეხა პირუტყვი დაუხრჩვია. ერთი დაუძლურებული საქონელი (ჩიმა) მდინარის ნაპირზე თხმელის ხეებს გაუჩერებია და გადარჩენილა, რასაც ხალხში შემორჩენილი ეს ხალხური ლექსიც ადასტურებს:

„ადიდებულა დუმალა

მთლად წალეკა შრომახეთი,

წყალეწაღებულ პირუტყვთაგან

ძლივს გადარჩა ჩომა ხეთი.

შესაძლოა აქ შემორჩა

გვიანამდის შრომა ხეთი

ამიტომაც ამ დროიდან

მას დაერქვა შომახეთი“.

დღეისათვის სოფელ კორბოულის მმართველობის ორგამოა კორბოულის თემის საკრებულო. შენობას 2005 წელს ჩაუტარდა კაპიტალური რემონტი. შენობა ამჟამად ასე გამოიყურება :

კორბოულის შესახებ გარკვეულ მონაცემებს იძლევა ცნობილი ფრანგი მოგზაურიშარდენი თავის წიგნში „ჟან  შარდენის მოგზაურობა სპარსეთსა და აღმოსავლეთის სხვა ქვეყნებში“,რომელშიდაც კორბოული „კოლიბეურის“ სახელითაა მოხსენებული. საყურადღებო და ნიშანდობლივია,რომ მოგზაურობისას შარდენი ალიდან საზანომდე,რომელიც მან გაიარა 1672 წლის 23 დეკემბრიდან 27 დეკემბრამდე,გარდა კორბოულისა,არცერთი სოფლის სახელს ასახელებს.

ვახუშტი კი თავის ცნობებში იმერლებს ასე მოიხსენიებს : „ცქვიტნი,კისკასნი,ენატკბილნი,მსუბუქნი,ფიცხნი,ბრძოლასა შემმართვბელნი და ძლიერნი და არა სულგრძელნი,მას შინა და სხვათა შინაცა,უხუენი და მომხუეჭნი,დღეისის წარჩინებულნი,სარწმუნოებითა და ენით არიან ქართველთა თანა აღმსარებელნი,არამედ უცქვეტესად მოუბარნი… “

დატოვე კომენტარი